სტამბულში მოკლული მზია დუნდუა დახმარებას ითხოვდა – გარდაცვალებამდე მეგობრებს ურეკავდა

სტამბულში 51 წლის მზია დუნდუას მკვლელობის შესახებ „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მზია დუნდუამ გარდაცვალებამდე ორ ქართველს დაურეკა და დიასახლისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ უამბო. იგი მათგან დახმარებას ითხოვდა.
„მზიას და თურქ დიასახლისს შორის კამათი სამი დღე გრძელდებოდა. მზია გასამრჯელოს ითხოვდა. სურდა, თანხა, საქართველოში, სახლში გაეგზავნა. 1 ნოემბერს, სამშაბათს, როდესაც მზიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თანხა, თურქმა ქალმა საყვავილე ესროლა და თავში მოარტყა. მზიამ გონება დაკარგა. დისახლისმა აბაზანაში ჩაკეტა. გონზე მოსული რომ მოვიდა, ორ ქართველს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ამ დროს, თურქი დიასახლისი კარზე აკაკუნებს, მაგრამ მზია კარს არ აღებს. ქალმა კარი შეანგრია. ოთახში შევარდა. განრისხებულმა, მზიას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და სახლიდან გაიქცა. დაჭრილ-დასახიჩრებული და დასისხლიანებული სხეულით, ქართველმა ხოხვით აივნამდე მიაღწია“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი ქართველი.
მისი თქმით, თურქმა სამართალდამცველებმა 51 წლის მზია დუნდუას დასახიჩრებული ცხედარი აივანზე აღმოაჩინეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. თუმცა, ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მზია დუნდუას ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.
კიდევ ერთი ქართველის თქმით, თურქული მხარე საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, რადგან გარდაცვლილს ვენები გადაჭრილი ჰქონდა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზია დუნდუა და ოჯახის დიასახლისი შეკამათდნენ. მან სახლი დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ კი დაცვას შეატყობინა, რომ მოსამსახურე ტელეფონს არ პასუხობდა და სთხოვა გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა სახლში. დაცვის წევრებმა საქართველოს ვენებგადაჭრილი მოქალაქე სისხლის გუბეში აღმოაჩინეს“, – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
სავარაუდოდ, თურქი სამართალდამცავები ამ ვერსიაზე მუშაობენ. დედის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ დუნდუას შვილები.
„დედას 3-4 დღის წინ ვესაუბრე. კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. დედაჩემი თავს არ მოიკლავდა. მას აქ ჩვენ ვყავდით, მეუღლე და ორი შვილი ველოდებოდით. დედა თებერვალში ჩამოსვლას აპირებდა,“ – აღნიშნა „კვირასთან“ პავლე ფოფხაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბულში გენერალური კონსული ოჯახს დახმარებას უწევს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მზია დუნდუას ცხედრის სტამბულიდან საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს ქართული მხარე დაფარავს.
„საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებას საკონსულო ორგანიზებას გაუწევს. მათ შორის ფინანსურ ხარჯებს ქართული მხარე გაიღებს. რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებას, საკონსულოს წარმომადგენელს კანონით არ აქვს უფლება გამოძიებაში ან ექსპერტიზაში ჩაერიოს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, მზია დუნდუას მეუღლემ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის ოფიციალური წერილით მიმართა.
„კვირასთვის“ ამ დრომდე უცნობია, გამოძიების მიერ დაკავებულია თუ არა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა.
პროფესიით პედაგოგი სტამბოლში რამდენიმე წელი მუშაობდა და საქართველოში ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. იგი ოჯახში ბავშვს უვლიდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები