ლევან იზორიამ და გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ავღანეთში ბაზა “მარმალი” დაათვალიერეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის გენერალ ვოლკერ ვიკერის მიწვევით, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანული ბაზა “მარმალი” დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ მეორე საერთაშორისო ვიზიტიც ავღანეთში გამართა.
ბაზა „მარმალზე“ თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდნენ. ბრიგადის გენერალმა ჰარტმუნტ რენკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და მართვის ცენტრი დაათვალიერებინა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა “მარმალზე” დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„თქვენ აქ იცავთ ჩვენს ქვეყანას, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას, თითოეული ქართველის ოჯახის უსაფრთხოებას და ეს არის პირველ რიგში, ქართული საქმე. ეს არის თქვენი სიყვარულის გამოხატვა თქვენი სამშობლოს მიმართ და თქვენი პატრიოტიზმის მაღალი დონე. ამისთვის, უდიდესი მადლობა. თქვენი აქ ყოფნა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება თქვენი გამოცდილება, ჩვენ გვჭირდება თქვენი აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა შევძლოთ გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. მერწმუნეთ, რომ ყველაზე გადამწყვეტ სიტყვას ამ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობა, იტყვით თქვენ. თქვენი პროფესიონალიზმით და თქვენი იმ შესაძლებლობებით და ამას თქვენ იმსახურებთ და აკეთებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრი ქართველ სამხედროებს უშუალოდაც გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა. თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ქართველ ქვედანაყოფთან ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები