პროკურორი: გამოძიებას სულხან მოლაშვილის საქმეზე, კონკრეტული დამნაშავეები ჯერ გამოვლენილი არ ჰყავს

”გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ სულხან მოლაშვილისთვის ქონების ჩამორთმევა იყო დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები ჯერ გამოვლენილი არ ჰყავს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ემზარ გაგნიძემ სამი მოქალაქისთვის, მათ შორის სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შემდეგ განუცხადა.
პროკურორის განმარტებით, სულხან მოლაშვილის საქმეზე დამნაშავეების გამოსავლენად არაერთი საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
”გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ სულხან მოლაშვილისთვის ქონების ჩამორთმევა იყო დანაშაულებრივი ქმედება. გამოძიება აქტიურ ფაზაშია გადასული, ტარდება არაერთი საგამოძიებო მოქმედება დამნაშავეების გამოვლენის კუთხით და მას შემდეგ, რაც გვექნება შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოხდება კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება”, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება უკანონოდ ქონების ჩამორთმევის დანარჩენ ორ საქმეს, როგორც ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში პროკურატურამ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა და დამნაშავეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განრიდება მოხდა.
”ამ ორ საქმეში გამოვლენილია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები, თუმცა იმის გამო, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მათი მხრიდან განსაკუთრებული თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, არ იქნა დაწყებული მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ გამოძიებას უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოსავლენად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული გვარების დასახელებისგან”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს ასევე უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები