„პარტიის თავმჯდომარეს და დამფუძნებლებს აღმოაჩნდათ სხვა ხედვა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია“

დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს მისგან განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდათ. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი.
როგორც უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, 2-3 თვის განმავლობაში მას ექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პრობლემებით და ამის შემდეგ ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე.
„ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური ღირებულებითი ტაქტიკური შეხედულებები, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი, მაგრამ მე მათ არ და ვერ შევეწინააღმდეგები. ეს ხედვა მიუღებელია იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ხოლო, არ და ვერ შევეწინააღმდეგები იმის გამო, რომ კვლავაც უდიდეს პატივს ვცემ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლების ღვაწლს.
როგორც აღვნიშნე, გავაგრძელებ ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში მე მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით. ვინც პირიქით, ამ მეტი პრობლემის გამო მეტი შრომით და მეტი შემართებით არის მზად, გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური შრომა იმისათვის, რომ საქართველო დადგეს ფეხზე.
ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ სახელმწიფოებრიობას და ევროპულ კეთილდღეობას ვერ მოიტანენ ვერც პოლიტიკური ცოდვების გამო გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები, შესაბამისი მომცრო ელექტორატით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები