დავით ბაქრაძე: ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მოხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ ქვეყნის უკეთეს მომავალს

”ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა“, – ამ სიტყვებით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს.
როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმედი აქვთ.
”ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ საკუთარ ადგილებს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა მომავალი 4 წლის განმავლობაში. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო და ებრძოლა მეორე ტურებში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება ყველანაირ რესურსს იყენებს, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 45 ადგილი ვაჩუქოთ ”ქართულ ოცნებას”. სწორედ ამიტომ შევედით ამ ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს ქართული საზოგადოებისა და ამომრჩევლის იმედი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
იგი იმ ამომრჩეველსაც მიმართავს, ვინც პარტიას მხარს არ უჭერს.
”მინდა მივმართო ჩვენი ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ უჭერდა მხარს ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომელსაც გააჩნია უკმაყოფილება ჩვენს წარსულთან ან აწმყოსთან დაკავშირებით, ხშირად თუნდაც სამართლიანი პრეტენზია ან უკმაყოფილება. ხვალინდელი დღე არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი განსხვავება ან პოზიციათა სხვაობა. ხვალინდელი დღე არის ის დღე, როდესაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი. ამიტომ ის ადამიანებიც კი, ვინც მხარს არ უჭერდა ”ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და აშინებს საქართველოს ერთპარტიული მომავალი, იმედი მაქვს, მოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. მინდა მივმართო ასევე თითოეულ იმ ოჯახს, რომელზეც ამ კვირების მანძილზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაშინება. ნუ გეშინიათ! არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება ნახევარ მილიონზე მეტ საკუთარ მოქალაქეს. ეს მათი შიშია და სწორედ საკუთარი შიშის გამო ცდილობენ თქვენს დაშინებას. ნუ მისცემთ საშუალებას, წაგართვან უკეთესი მომავალი. მობრძანდით და მიეცით ხმა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის იმ მხარდამჭერებსაც მიმართა, რომლებმაც პარტიას მხარი პირველ ტურში დაუჭირეს.
”ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ხვალ მოხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, იმიტომ რომ თქვენ ამას მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდით. მე მჯერა, ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიიღებს ხვალ პასუხისმგებლობის, ქვეყნის ინტერესისა და მომავლის გრძნობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები