„ლეიბორისტული პარტიის“ გორის ორგანიზაცია პარტიის 30-მა წევრმა დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ გორის ორგანიზაცია დაიშალა. პარტია გორის ორგანიზაციის 30-მა წევრმა დატოვა.
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ მამესწარაშვილი შალვა ნათელაშვილს პარტიისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.
​მამესწარაშვილის ინფორმაციით, პარტია დღემდე წევრების ენთუზიაზმის შედეგად არსებობდა.
“რა აზრი აქვს ასეთი პარტიის არსებობას, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტიურდება, არ გვაქვს არანაირი ყურადღება პარტიის ლიდერის მხრიდან. ჩვენთვის არ არის გამჭვირვალე ის თანხები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის წლების განმავლობაში იყო გამოყოფილი.
უბრალოდ ინფორმაციაც კი არ გვაქვს, თუ რა თანხა ეკუთვნოდა რაიონულ ორგანიზაციას. ალბათ მხოლოდ შალვა ნათელაშვილისთვის იყო ეს თანხები გამოყოფილი. ოფისის ქირას ჩვენ საკუთარი ჯიბიდან ვერ გადავიხდით. დაფინანსებას ვინ ჩივის, ელემენტარულ ყურადღებასაც კი არავინ იჩენდა. მე არ ვიცი სად მიჰქონდა ნათელაშვილს ის თანხა, რაც პარტიისთვის იყო გამოყოფილი. ეს ჩვენ არ შეგვხებია,“-განაცხადა „კვირასთან“ „ლეიბორისტული პარტიის“ გორის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ მალხაზ მამესწარაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტია“ იმ ოთხ პარტიას შორის ერთ-ერთია, რომელმაც 3% და მეტი მიიღეს საერთო პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე. მათთვის არსებობს საბაზისო დაფინანსება, რომელიც შეადგენს 300 000 ლარს, გარდა აღნიშნული დაფინანსებისა, ნათელაშვილის პარტიისთვის ერთჯერადი სახით განკუთვნილია 90 000 ლარი, გენდერული ბალანსის დაცვის გამო. თუმცა, როგორც პარტიის გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არ არიან პარტიის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები