გაერო – „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულში ათიათასობით ადამიანი მძევლად აიყვანა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ათიათასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ქალაქის შტურმის დროს „ბოევიკები“ მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებენ. ამჟამად მოსულს ერაყის შეიარაღებული ძალები და მოკავშირეები უტევენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის მასობრივი ფაქტების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 232 მშვიდობიანი პირი და ერაყის უშიშროების ძალების 192 ყოფილი თანამშრომელი მოკლეს.
მოსულზე ერაყის ჯარის შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. შეიარაღებული ძალების გარდა, მასში ქურთი და სუნიტი მოხალისეებიც მონაწილეობენ.