მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ იდეების გასატარებლად “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტი და სახელმწიფო დაწესებულებები უნდა გამოიყენონ.
“ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, ყველა მშვიდობიანი ფორმა პროტესტის გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მეორე ტურის მნიშვნელობაზე.
“უნდა ვუთხრათ მათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, ვისაც ხმა მისცეს, ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ. მათმა ამომრჩეველმა არაფერი დააშავა და მე ვფიქრობ, მეორე ტური არის ამ ამომრჩევლებისთვის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რა თქმა უნდა, ბრძოლა არ მთავრდება, არც მეორე ტურით და არც ამ გაყალბებული არჩევნებით, ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად უფრო სწრაფად მოვიშორებთ ამ უბედურებას, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ძალებში, დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ გვყავს საქართველოში უამრავი მომხრე, გაყალბებული ბიულეტენების, მანიპულაციების გათვალისწინებით 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი. ეს არ არის ცოტა, ეს ძალიან ბევრია”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები