„აკრძალულია ერთი და იგივე მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შესვლა უბანზე“ – სალომე ზურაბიშვილი საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს მიმართავს

მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ერთი მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შეშვება უბანზე.
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა, სადაც საინფორმაციო სააგენტო „ოლმედიას“ მიერ ცესკოდან მიღებული აკრედიტაციების შესახებ ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურისთვის „ოლმედიამ“ სულ 3400 აკრედიტაცია მიიღო, მეორე ტურისთვის ამას დაემატა დაახლოებით 500 აკრედიტაცია. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამას უნდა დაემატოს ასევე „რუსთავი 2“-ის 700-მდე ჟურნალისტის მიერ მიღებული აკრედიტაცია და უბნებზე აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი შეიძლება ემსახურებოდეს ორ რამეს, ეს არის პირდაპირ არეულობის მოწყობა და ამომრჩევლებზე ზეწოლის მოხდენა. ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნების კომისიების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ერთი მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შეშვება უბანზე.
„თუ ჩემი არითმეტიკა სწორია, გამოდის უბანზე „ოლმედიის“ 30 წარმომადგენელი შევა, რაც ძალიან ცუდია. ამას უნდა დავუმატოთ აკრედიტებული არასამთავრობოები და ეს ხდება, „ოლმედიას“ სიტყვებით, მშვიდ გარემოში არჩევნების ჩასატარებლად და ვინ იქნებიან იმ აკრედიტებული ადამიანების რიგებში, არავინ იცის. მათი მეთაური პირველ ტურში იყო ჟორიკა და ვიცით, რა წარსული აქვს მას, და მისი კომპანიის დაცვის წევრები. ამ ყველაფერს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – ერთი შეიძლება იყოს პირდაპირ არეულობის მოწყობა და ზეწოლის მოხდენა ამომრჩეველზე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონში არ წერია, რომ მათი შესვლა რაიმე ფორმით აიკრძალოს საარჩევნო უბანზე, კანონში წერია ის, რომ აკრძალულია ერთი და იგივე მედიაორგანიზაციის სამზე მეტი წარმომადგენლის შესვლა უბანზე, ამიტომ შევახსენებ და მივმართავ ყველა უბნის ყველა თავმჯდომარეს, რომ ნუ დაუშვებენ მსგავსი არეულობის მოწყობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები