დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროპარლამენტი ხედავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტის მიმართვის ტექსტს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დიმიტრი ცქიტიშვილს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტის მიმართვა ევროკავშირის საბჭოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი ევროსტრუქტურებს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს და ხედავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ LIBE-ს, ანუ სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ამ თემის მიმართულებით. ამ განცხადებას ხელს აწერს როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხით კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესი და ჩვენი მოქალაქეები წლის ბოლომდე მოახერხებენ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შემდგომი გადავადების გარეშე დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს გაუგზავნეს.
კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები