მიხეილ ჯანელიძე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შედეგებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ალიანსის აქტივობების გაძლიერებას მიესალმება.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი.
„ ჩვენ მივესალმებით ნატოს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. გუშინ, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ, განიხილეს ალიანსის შიგნით ვარშავის გადაწყვეტილებების შესრულების საკითხები და ამ თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები.
როგორც ცნობილია, ალიანსმა ვარშავის სამიტზე გადაწყვიტა, გაზარდოს სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ხელი შეუწყოს სტაბილურობის გავრცელებას მის საზღვრებს გარეთ და დაეხმაროს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერებაში.
ჩვენ მივესალმებით ალიანსის სამხედრო ყოფნის და აქტივობების გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მხარს უჭერს ალიანსის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა დაიწყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ფორმატების ფარგლებში, დისკუსიებში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით .
მისასალმებელია, რომ ნატო არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას და აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში, არამედ ასევე მხარს დაუჭერს სანაპირო ქვეყნების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა აღნიშნულია ვარშავის დეკლარაციაში. თავის მხრივ, საქართველო მზად არის განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროატლანტიკური სივრცისა და მისი განუყოფელი ნაწილის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში“,-განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები