ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიზნით “გადავადების გარეშე” მოლაპარაკებები დაიწყოს

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შემდგომი გადავადების გარეშე დაიწყოს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს გაუგზავნეს.
კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს, რადგან ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა.

დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვწუხვართ საბჭოს განცხადების გამო, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკეებში შეყოვნება გამოიწვია”, – ნათქვამია კომიტეტის წევრების განცხადებაში.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებლის, მარია გაბრიელის განცხადებით კი, მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეძლოს ვიზალიბერალიზაციით სარგებელის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები