“უარი ვთქვით “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგებაში მონაწილეობაზე”

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან წევრები გამოიწვიეს და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველს მოუწოდეს, 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.
მისი თქმით, პარტიამ უარი თქვა იმ გარიგებაში მონაწილეობაზე, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის შედგა.
“ჩვენ ვთქვით, რომ იმ გარიგებაში, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არის, არ მივიღებთ მონაწილეობას. სამწუხაროდ, თვითონ ამ გარიგებამ გვიბიძგა, უარი ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე მეორე ტურში, რადგან ჩვენი წარმომადგენლები მოგვიხსნეს. არადა, კანონით გვეკუთვნოდა, რომ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
გარდა ამისა, ყველა სასამართლომ ჩვენს საჩივარზე, საოლქო კომისიებმა უარი გვითხრეს ხმების ახლიდან გადათვლაზე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა მეორე ტურის არჩევნებში.
აქედან გამომდინარე, ჩვენს მხარდამჭერებს ვერ მოვუწოდებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არ გვინდა, 30 ოქტომბრის არჩევნებში გავხდეთ თანამონაწილე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარიგების”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, როგორც ცნობილია, “თავისუფალმა დემოკრატებმა” საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან 400-ზე მეტ წევრი გამოიწვიეს.
“თავისუფალ დემოკრატებში” განმარტავენ, რომ მიზეზი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საწინააღმდეგოდ, მათი მიზანმიმართული ქმედება იყო.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი შეგნებულად აფუჭებდნენ ბიულეტენებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
კომისიის წევრების გამოწვევის გადაწყვეტილება კი, როგორც აცხადებენ, მეორე ტურში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები