პრემიერი „კრწანისის“ ინციდენტზე: სამხედროები მოქმედებდნენ იმ ინსტრუქციებით, რომელიც მათ გააჩნიათ

“ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ინსტრუქციების შესაბამისად“, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„სამხედრო ობიექტებს გააჩნია ძალიან მკაცრი დაცვის წესები. ის სამხედროები, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები.
ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია.
ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტის დროს. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამორიცხულია რაიმე სახის შეკითხვები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები გახდება ცნობილი.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად, იმ ინსტრუქციების მიხედვით, რომელიც მათ გააჩნიათ“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული განცხადება გარდაბანში, სათბურ „პლანტას“ პრეზენტაციის დროს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები