ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საჯარო ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის გაცნობა იყო. იზორიამ ყურადღება გაამახვილა ყველა დეპარტამენტის ინტეგრირებული მუშაობის აუცილებლობაზე, ანგარიშგებასა და მონიტორინგზე და თანამშრომლებს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მინისტრმა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია და მთავარი აქცენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს, მართვის ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფების დებულების შესახებ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შემადგენელი კომპონენტების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები შემუშავდა. აღნიშნული პროცესის ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სამდივნო და დეტალურად გაიწერა მისი ფუნქციები.
სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ დეტალურად ისაუბრა სტრატეგიულ მართვაზე, ძალთა ოპტიმიზაციაზე, ძალთა მზადყოფნის ამაღლებაზე, საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სისტემების გაძლიერებაზე.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტუალური საკითხების განხილვაში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორიც. ნოემბრის დასაწყისში კი, ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საჯარო ანგარიშს წარუდგენს და უწყების სამომავლო გეგმებს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები