ვინ არის რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის მეუღლე – „რამდენი წელიც არ უნდა მიუსაჯონ, ყოველთვის მისი ერთგული ვიქნები“

რამდენი წელიც უნდა მიუსაჯონ, ყოველთვის მისი ერთგული მეუღლე ვიქნები, – ეს სიტყვები ბოლო დროის ყველაზე მოხერხებული პატიმრის სახელით ცნობილ ოთარ ვარამაშვილის ახალშერთულ მეუღლეს ეკუთვნის.

14875008_1316009665089682_250321513_n„კვირა“ ვარამაშვილის რჩეულის ვინაობითა და წყვილის სიყვარულის ისტორიით დაინტერესდა. ორი თვის წინ რუსთავის ციხიდან გაქცეული პატიმრის რჩეული 27 წლის რუსთაველი ლიზა ვასაძეა.

ახალდაქორწინებულთა სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის, ერთად ყოფნის კი – ერთ თვეზე ცოტა მეტს. ერთმანეთს წლების წინ რუსთავში, საერთო მეგობრების წრეში შეხვდნენ. მათ ურთიერთობას მრავალწლიანი განშორებებიც ახლდა თან, თუმცა როგორც თავად ლიზა ამბობს, სიყვარულს ამ ტკივილმაც ვერაფერი დააკლო.

პატიმრის მეუღლე ექსკლუზიურად „კვირასთან“ მისი და ოთარ ვარამაშვილის სიყვარულის ისტორიას იხსენებს:

„დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს, თუმცა მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რამდენიმე ხანი ურთიერთობა გაწყვეტილი გვქონდა. წელიწადნახევრის წინ კი ყველაფერი თავიდან და უფრო სერიოზულად დაიწყო. დღეს ჩემი გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ.

როდესაც ოთარმა სასამართლოდან გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ჩემთან მოვიდა. სახლშიც კი არ მისულა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი. თბილისში, შუა ქუჩაში შევხვდით და რამდენიმე საათი ვკანკალებდი, ვერაფერს ვამბობდი. ვეფერებოდი, ვეხუტებოდი. არც ის მანაღვლებდა, ამ ყველაფერს რა შედეგი მოჰყვებოდა. რა თქმა უნდა, ცოტათი მეშინოდა, მაგრამ ბედნიერება ამაზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.

ჩემთვის ოთარი მამაკაცის იდეალია. ძალიან მიყვარს და არც იმან შემაშინა, რომ ცხოვრებაში ასეთი პრობლემები აქვს. მინდა, ყოველთვის მის გვერდით ვიყო, სულ ვიყავი და ახლაც ვდგავარ.

ჩვენს გრძნობებში არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ თავისუფალი არ არის. რამდენი წელიც უნდა მიუსაჯონ, ყოველთვის მისი ერთგული მეუღლე ვიქნები. სულ ველოდებოდი. ვერც ვნახულობდი, რადგან ოფიციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ. მხოლოდ სატელეფონო საუბრები გვქონდა. სამოქალაქო ქორწინებაშიც აუცილებლად ვიქნებით. მხოლოდ ახლა მოგვეცა საშუალება, ჯვარი დაგვეწერა. იმედია, ხელს შეგვიწყობენ და ერთმანეთის ნახვის საშუალებას მოგვცემენ“,- ჰყვება ლიზა ვასაძე და გვიმხელს, რომ მათი ფარული ქორწინების შესახებ მეგობრების გარდა, არავინ იცოდა.

ჯვარი თბილისის ერთ-ერთ მონასტერში, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე დაიწერეს. ქალიშვილის გადაწყვეტილება მშობლებისთვის მოულოდნელი და მძიმე იყო, თუმცა როგორც ლიზა ამბობს, თავად არც გადაწყვეტილება უნანია და არც პატიმრის მეუღლეობის სტატუსს შეუშინებია.

14813726_1202669169776960_57546923_n„ამ საქციელის გამო ოთარი ძალიან ღელავდა, განსაკუთრებით კი სასამართლოს თანამშრომლებზე, რომლებსაც მის გამო რამდენიმე ხანი საპატიმროში ყოფნა მოუხდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა ჩემთან ყოფნის, რომ გარისკა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მეგობრები გვერდით მიდგანან და არ აშინებთ, რომ ჩემი მეუღლე პატიმრობაშია“, – ჰყვება ლიზა ვასაძე, რომელმაც საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე წლით დაკარგა.

სწორედ ამიტომ, ახალშეუღლებული ლიზა ვასაძე შესაბამის უწყებებს იმ ტკივილის შემსუბუქების თხოვნით მიმართავს, რომელიც მას და ოთარ ვარამაშვილს წლებია აკავშირებთ.

32 წლის პატიმრისთვის საყვარელ ადამიანთან ყოფნის სურვილით მოპოვებული თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა და სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც მეგობრების წრეში გაბედნიერებას აღნიშნავდა. ვარამაშვილს სიყვარულის გამო ჩადენილი კანონდარღვევა დამატებით 3 წლით თავისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები