სოფო ხორგუანი: პრეზიდენტი, რომელსაც აქვს შეკვეცილი ძალაუფლება, არ უნდა იყოს არჩეული პირდაპირი წესით
“დღეს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ამიტომ მისი არჩევა საყოველთაოდ არ უნდა ხდებოდეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებები მიხეილ სააკაშვილმა შეკვეცა და ამიტომ დღეს პრეზიდენტის საყოველთაო არჩევას მიუღებლად თვლის.
“პრეზიდენტი, რომელიც არ არის ნაწილი ხელისუფლებისა და აქვს შეკვეცილი უფლებები, არ უნდა ირჩეოდეს პირდაპირი წესით. თავის დროზე პრეზიდენტს უფლებები სააკაშვილმა შეუკვეცა, იმიტომ, რომ თავს პრემიერად მოიაზრებდა, ხოლო ბაქრაძეს – პრეზიდენტად.
დღეს პრეზიდენტს აქვს შეკვეცილი ფუნქციები, ამიტომ მისი პირდაპირი წესით არჩევა არასწორად მიმაჩნია. პრეზიდენტი ხელისუფლების რომელ შტოშია, არ ვიცით“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
უფლებადამცველი პრიორიტეტად პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ ნებისმიერი საკითხი კონსენსუსის შედეგად უნდა იყოს მიღწეული.
“მე მიმაჩნია, რომ სწორია, თუ პარლამენტს გაეზრდება ფუნქციები. ამ ეტაპზე ვართ ნახევრად საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, თუმცა ვთვლი, რომ ნებისმიერი საკითხი საყოველთაო კონსენსუსის შედეგად უნდა წყდებოდეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.