ბექა ნაცვლიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ჩამოიშალა, მე არ დამწყდება გული, ისევე, როგორც ბევრ სხვა ადამიანს
„ქართული ოცნების“ წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნის ფაქტს გამოეხმაურა.
ნაცვლიშვილი უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, პარტიაში ამჟამად სერიოზული დაპირისპირებაა.
“სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა იმაზე მეტყველებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორად არის გაყოფილი. ეს არის სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდები, მათდა სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი პოლიტიკური წარსული და ავტორიტეტი, რომ რაიმე ზემოქმედება მოხდინონ საზოგადოებაზე.
ამ დაპირისპირებამ შესაძლოა, მოვლენების სხვაგვარი განვითარება გამოიწვიოს, მაგალითად, დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, პოლიტიკური რღვევა, რაზეც მე ნამდვილად არ დამწყდება გული, ისევე, როგორც ბევრ სხვას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნაცვლიშვილმა არჩევნების მეორე ტურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე ტური ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის სიახლეა, თუმცა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.