23 წლის ქართველი მეცნიერი რომის საერთაშორისო კონფერენციაზე საკუთარ ნაშრომს წარადგენს

გიორგი ბენაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტია.
კონფერენცია, რომელსაც იგი ნოემბერში უნდა დაესწროს რომში ამერიკული სამეცნიერო ორგანიზაციის “დასავლეთ-აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის” ორგანიზებით ტარდება, სადაც გიორგი საკუთარ ნაშრომს წარადგენს. კონფერენციაზე მოწვევა ახალგაზრდა მკვლევარს ორგანიზატორებისგან მოუვიდა, ამის შემდეგ კი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსდა. გიორგი ბენაშვილი ამჟამად სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების კვლევაზე მუშაობს და კონფერენციაზეც აღნიშნული თემით წარდგება.
“მე ჩემს თავს ჯერ ვერ ვუწოდებ მეცნიერს, აქამდე კიდევ დიდი გზა უნდა გავიარო. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა როცა ავტორიტეტული ორგანიზაციიდან მოწვევა მივიღე და თან სახელმწიფო ფონდი მიწევს სპონსორობას, რადგან ხშირ შემთხვევაში მსგავსი მასშტაბის კონფერენციებზე ბევრად გამოცდილი და ასაკოვანი მეცნიერები დადიან. ძალიან მადლიერი ვარ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის.
სავარაუდოდ ჩემმა თემამ კონფერენციის ორგანიზატორების დაინტერესება გამოიწვია. დასავლეთის ქვეყნებში აქამდეც არაერთხელ ვყოფილვარ და იქაური მეცნიერები, ანალიტიკოსები და მკვლევარები ხშირად იჩენენ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს”, – აცხადებს „კვირასთან“ გიორგი ბენაშვილი.
გიორგი ბენაშვილი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით წელიწადზე მეტია რაც დაკავებულია. გასულ წელს მისი უცხოენოვანი პუბლიკაცია მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის კვარტალურ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა.
მისი პირველი ნაშრომი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას და მის თავისებურებებს უკავშირდება საქართველოში. “სასიამოვნოა, როცა შენი პუბლიკაციის გაცნობის საშუალება ქვეყნის გარეთაც აქვთ, როგორც სტუდენტებს, ასევე სხვა მეცნიერებსა და მკვლევარებს.
მახსოვს არაერთმა ადამიანმა მომწერა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრონული ბაზების საშუალებით, ისინი ამბობდნენ, რომ უნდოდათ ჩემი ნაშრომის გამოყენება თავიანთ კვლევებში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანზიციების შესახებ. ეს ჩემთვის სასიხარულო და დამატებითი სტიმულის მომცემია“, – აცხადებს გიორგი ბენაშვილი.
ამერიკულ ორგანიზაციას „დასავლეთ აღმოსავლეთის კვლევით ინსტიტუტს“ წელს 3 კონფერენცია ჰქონდა, ბარსელონაში, რომსა და ბოსტონში (ჰარვარდის უნივერსიტეტში). მკვლევარების თემები, რომელიც კონფერენციაზე განიხილება შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში მოხვდება და სხვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
გიორგი ბენაშვილის ნაშრომი სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარების შესახებ, შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს სტრატეგიული მდებარეობით დაინტერესებული არაერთი მკითხველისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები