საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„რუსი ბიზნესმენების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში სავაჭრო მისიის ორგანიზებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც რუსი და ქართველი ბიზნესმენების დაგეგმილ შეხვედრაზეა საუბარი.
როგორც „კვირას“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, „წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო მისიაში წარმოდგენილნი იქნებიან დისტრიბუტორი და იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული პროდუქციის იმპორტით რუსეთის ფედერაციაში. უკანასკნელ ხანს, რუსეთის მხრიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, იზრდება ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ. მათი ინტერესის საგანია ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, სასურსათო ნაწარმი. ამ ეტაპზე უცნობია ბიზნესდელეგაციის საქართველოში ვიზიტის ზუსტი ვადები და შემადგენლობა“, – ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომავალ თვეს თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით გაიმართება.
განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის 19 ოქტომბერს, პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგებია შეჯამებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები