საქართველოში ჩაის ინდუსტრიაში ინვესტირებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ინტერესდებიან

საპარტნიორო ფონდს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ეწვივნენ.
როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ჩინური კომპანიებია: “Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co, Ltd” -ი და “China Agricultural Science amd Technology Entrepreneurship and InnovationLeague The International Committee”.
საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განიხილავენ.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩაის მრეწველობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილბიუჯეტიანი ბიზნესგეგმა და საინვესტიციო შეთავაზების დეტალები გააცნო.
შეხვედრაზე საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტის ფინანსურ მოდელზე იმსჯელეს. ჩინელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.
მხარეებმა საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური გამოყენების, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლების, რეგიონებში დასაქმების, ჩაის დარგვისა და მოვლის კულტურის ამაღლების და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინეთის მსხვილი კომპანიები საქართველოს ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანად განიხილავენ.
საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ამა წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს “Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd.” და “Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd.” შორის გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები