სოზარ სუბარი: პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება

პარლამენტის გადმოტანის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ამ წუთში არ განიხილება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირება კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის განსაზღვრა იყო და ეს ცვლილება აუცილებლად შევა.
„როდესაც ვლაპარაკობთ კონსტიტუციური მოწყობის მოდელზე, ამ მოდელში რაღაც სახელი უნდა დაერქვას – ვართ საპრეზიდენტო, საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია თუ სხვა. ჩვენი დაპირება და წინადადება იყო, რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და ეს ცვლილება აუცილებლად შევა. არის თუ არა აქ რამე საფრთხე ადამიანის უფლებების დარღვევის? ის ფორმულირება, რომელის შეტანასაც ჩვენ ვფიქრობთ კონსტიტუციაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. თუ ეს უფლებების დარღვევაა, მაშინ სამოქალაქო კოდექსიდანაც უნდა ამოვიღოთ ეს ჩანაწერი. დღემდე არავინ ამბობდა, რომ დარღვევაა. რატომ იქნება კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დარღვევა ის, რაც არ არის სამოქალქო კოდექსში. თუ დარღვევაა, გვითხრან რას გვთავაზობენ, რითი შევცვალოთ სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი. ეს არის აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე წარმოქმნილი ხმაური, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს და არაფერ შუაში არ არის ადამიანის უფლებებთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის განცხადებით, მთელი საზოგადოება არის შეთანხმებული, რომ კონსტიტუცია არის გასასწორებელი, „იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია ერთმა ადამიანმა მოარგო თავის თავს“.
„თავის თავში იგულისხმება არა კონკრეტული გვარი და სახელი, არამედ ხელისუფლება, რომლის ხელშიც მოხდა მთელი ძალაუფლების მოყრა ისე, რომ არ არსებობს დამაბალანსებელი ძალები. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი კონსტიტუციით ცხოვრებას, ჩვენ გვინდა, გავასწოროთ ის, რაც გასასწორებელია და რაზეც მთელი საქართველო არის შეთანხმებული“, -განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები