„ყველა ის ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობს, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი“

ყველა ის ადამიანი, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდების შეფასებისას განაცხადა.
„მათ კამპანიას რეალურად ჰქვია მხარი დავუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილს, მხარი დავუჭიროთ ადამიანების წამებას, კერძო საკუთრების შელახვას და იმ ყველა საშინელებას, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. თვითონ სათაურიც და მიმართვის ადრესატებიც ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ, ლაპარაკობენ პროდასავლურ ძალებზე და ჩამონათვალში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც არც დასავლეთია, არც აღმოსავლეთი, არც სამხრეთი და არც ჩრდილოეთი. ეს არის ხმა წარსულიდან და მეტი არაფერი; ან მიმართავენ ბურჭულაძეს, რომელიც კრემლიდან ნებისმიერ დასტვენაზე მიქრის, იქ კონცერტებს აწყობს და უმღერის დითირამბებს; ან „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დასავლეთში, მე არ ვიცი, რა იგულისხმება. დასავლეთში იყო ჰიტლერი, რომელიც ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ატარებდნენ, სხვა დასავლეთთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არა აქვს, თუ ვლაპარაკობთ დასავლეთზე და ღირებულებებზე, ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია და ზოგადად, ის გეზი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები