გიორგი კვირიკაშვილი : იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ

ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩევლის წინაშე ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს.
„აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის ძალიან ხელოვნური. ჩვენ გვქონდა წარსულში პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია იყო მორგებული ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ის ძალიან დინამიკური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომელზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, გააგრძელოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია. ამისთვის გვინდა ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს არის უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები