დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გავლენიანი ჩინური კორპორაციის „CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED“-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯიანჯუნ ზანგს საპატიო პრეზიდენტის სიგელი გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური-კულტურული თანამშრომლობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. ორგანიზაციის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, კომერციული, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.
სიგელის გადაცემას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის წევრები დაესწრნენ.
სიგელის გადაცემის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, „CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიანჯუნ ზანგმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.
გარდა ამისა, ჯიანჯუნ ზანგმა ისაუბრა „CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED“-ის საინვესტიციო გეგმებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინური კორპორაცია საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გეგმებით შემოვიდა. მისი თქმით, დღეს ჩინურმა მხარემ ინვესტიციები უკვე დააბანდა უძრავ ქონებაში, ამჟამად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ დაინტერესებაზე საქართველოს საფინანსო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით.
„პროგრესი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ესაა სწორედ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეალურად ცხოვრებაში უკვე იყოს მოყვანილი და ჩვენ, როგორც საქართველომ, ასევე ჩინეთმა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED ჩინეთში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის ერთ-ერთია. მისი ძირითადი ელექტროენერგია და გაზია, თუმცა კომპანია საქმიანობს ასევე სატრანსპორტო. ტურისტულ და საფინანსო სექტორში. კომპანიას განხორციელებული აქვს ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა 39 მილიარდს მიაღწია.
რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციას, მას უფლება აქვს, გაწევრიანდეს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, გააფორმოს შეთანხმებები. ასოციაციის წესდების თანახმად, მისი ძირითადი მოვალეობა ბიზნეს, სასწავლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები