თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“ დაჯილდოება გაიმართა – ფოტოკოლაჟი
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“- დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალი პროექტის ინიციატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, კონკურსის „თბილისი“ მიზანი ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებაა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი საავტორო ნაწარმოები განიხილებოდა და კონკურსანტს ნებისმიერ თემატიკაზე თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეეძლო.
,,სწორედ, ბარიერების არარსებობამ მისცა ხელოვანებს უპრეცედენტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და ამასთან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას აფხაზი და ოსი კონკურსანტებიც მიიღებენ.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი 2016“ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში – წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი გამოვლინდნენ.
კონკურსის „თბილისი“ წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა.
წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – კვირტია ბაჩო – „ბამბის ნამცეცი“;
წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები – დანელია ბათუ – „თოვლის მეფე“;
წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი“ – სკოლის მოსწავლეთათვის) – ბუდაღაშვილი ლიზი – „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“;
წლის საუკეთესო სიმღერა – ჩაჩავა ნინო – „ჩვენ მოვდივართ“;
წლის საუკეთესო ფერწერა – შხვაცაბაია ლილი – „შეხვედრა ოაზისში“;
წლის საუკეთესო ქანდაკება – ზაქარაია გენადი;
წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება – ბენდელიანი სალომე – „მიტოვებული სახლი“;
წლის საუკეთესო არქიტექტურა – მოსულიშვილი გიორგი – „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე“;
ჟიურის სპეციალური პრიზი – ლებანიძე შორენა – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“.
თითოეულ გამარჯვებულს კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) გადაეცა, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა.
ამათან, გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთჯერადი ფულადი განაცემი (ჯილდო) 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით დააწესა.
ქართული მუსიკის განვითარებისთვის სპეციალური დიპლომები რევაზ ლაღიძეს, ლიანა ისაკაძეს და მარიკა კვალიაშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.
სპონსორებმა ასევე კონკურსის ფინალისტებიც დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ,,თბილისობის’’ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერიის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, დიასპორის სამინისტროებისა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.