“ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში პირები“- დატოვებენ თუ არა საპატიმროს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები

“ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში პირები”, – ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ”ბათუმის მაგნოლიის” ეპიზოდი განიხილება.
“ჩვენს შემთხვევაში საქმე ეკონომიკური დანაშაულის ჩადენას ეხება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამიტომ ჩვენ ჯერ დამნაშავეები არ ვართ. ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში პირები. რაც შეეხება გირაოს უზრუნველყოფას, იმიტომ ვდებ ჩემი ცოლის სახლს გირაოში, რომ კიდევ უფრო გავამყარო ჩემი მხრიდან მიმალვის საფრთხის არარსებობა. ამ სახლში ჩემს მეუღლესთან ერთად სამი ბავშვი ცხოვრობს და შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რომ არსად არ გავიქცევი”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
დღეს გაირკვევა, შეეცვლებათ თუ არა დაკავებულ მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს და ირაკლი მინდელს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
კერძოდ, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ხოლო ირაკლი მინდელის ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოს ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენა.
რაც შეეხება პროკურატურას, სახელმწიფო ბრალმდებლები ამბობენ, რომ აღკვეთის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები