პაოლო ალი: საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერმა

საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერმა ამ რეგიონში, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაოლო ალიმ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ალიმ აღნიშნა, არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა, რაც ქართველი მოსახლეობის ძალისხმევის შედეგია. მისივე თქმით, არჩევნების ამგვარი წარმართვა დიდ იმედებს იძლევა, რომ საქართველოს მხარი დაუჭირონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მისი განცხადებით, ნატოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. ალის შეფასებით, შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა მიუღებელ შემთხვევებს და ძალადობას.
„დიდი პატივია, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ძირითადად ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ნატო ეს არის ფასეულობების ალიანსი, ეს არის ალიანსი იმ ქვეყნებისა, რომლებიც საპარლამენტო დემოკრატიით და კანონის უზენაესობით არიან გაერთიანებულნი. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ამ პროცესს და ჩვენი ანგარიშები აჩვენებს, რომ არის ნაკლოვანებები წინასაარჩევნო გარემოში. ასევე ადგილი ჰქონდა დაუშვებელ და მიუღებელ შემთხვევებს და ძალადობას.
დიდი სურათი ნათელია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სტატუსი, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერისა ამ რეგიონში.
არჩევნების ამგვარი გამართვა დიდ იმედებს გვაძლევს და გვამხნევებს, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე უნდა აღვნიშნო: ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ნიშნავდა იმას, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ გაიმართა. გუშინ, კიდევ ერთხელ მოწმენი გავხდით იმისა, რომ მართლაც კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა პროცესი. ეს არის ათასობით საქართველოს მოქალაქის ძალისხმევის შედეგი“,-აღნიშნა პაოლო ალიმ და ქართველ მოსახლეობას საერთო ფასეულობების მიმართ გამოჩენილი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები