ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი დაკავებულია

ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე დაკავებულია. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
”სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. მის მიმართ ხორციელდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები