უსუფაშვილი მოქალაქეებს მიმართავს: თავისუფალი არჩევანი იქნება გარანტირებული, მათ შორის დამკვირვებლების აქ ყოფნის გამო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტში NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ორი ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში ყველაზე აქტიურია.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა, “იმ ცხელ თავებს გააციებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებითა და საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას“.
“საქართველოში ჩამოსულნი არიან ძალიან მაღალი დონის დელეგაციები. ევროპელი პოლიტიკოსები ჰყავთ დელეგაციაში და როგორც ყოველთვის, აპირებენ, დადონ ძალიან პირუთვნელი დასკვნა იმის თაობაზე, რასაც საარჩევნო პროცესებში ნახავენ. ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო, თუმცა ისიც შეშფოთებით აღინიშნა, რომ ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები, ძალიან მძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის, რომელიც თავიდან უნდა იყოს აცილებული. დარწმუნებული ვარ, მათი აქ ყოფნა და ძალიან ბევრი სხვა დამკვირვებლის ყოფნა ეუთოდან, ევროსაბჭოდან, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიდან იმ ცხელ თავებს გააციებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას – იქნება ეს ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზე შემდგომ საუბრები, იქნება ეს პირდაპირი ძალადობა თუ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩეველზე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მათი თავისუფალი არჩევანი იქნება გარანტირებული, მათ შორის დამკვირვებლების აქ ყოფნის გამო. თქვენით (მედიასაშუალებებით) იქნება გარანტირებული, იმიტომ, რომ თქვენ არ მოგვცემთ საშუალებას ამ დარჩენილ დღეებში რაიმე სისულელე ჩავიდინოთ და თავად მოქალაქეებმაც, ყველამ, 8 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი მომავლის თაობაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი უცხოელი კოლეგების აქ ყოფნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები