მარიამ ჯაში: დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ამის იმედს მოსახლეობის განწყობა მაძლევს

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის მე-12 ოლქში – მარიამ ჯაში გამარჯვებაში დარწმუნებულია. კანდიდატი მოსახლეობის მხრიდან დადებით განწყობას იმ წარმატებულ პროგრამებს უკავშირებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა 4 წლის მანძილზე უკვე განახორციელა. ჯაშის ინფორმაცით, “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული პროგრამები სამგორელებს პირადად შეეხოთ. მარიამ ჯაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი იყო,  მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ დაწყებული პროგრამები წარმატებული და უპრეცედენტო იყო. 

”სამგორში 4000-ზე მეტ ამომრჩეველს პირადად შევხვდი. მოსახლეობის განწყობა ძალიან დადებითია. ამ განწყობას წინ უძღოდა კონკრეტული შედეგები. ათასობით ოჯახმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. სამგორში მცხოვრებ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად, ჩვენ ვებრძოდით ლეიკემიასა და სხვა სიმსივნეებს. ასევე, “c” ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამის წყალობით, ვხვდები უამრავ ადამიანს, რომლებიც უკვე განიკურნენ. სამგორში, რა თქმა უნდა, არის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის ავარიული შენობები. მოსაგვარებელია სოციალურად დაუცველი ადამიანების საკუთრებაში მიწისა და საცხოვრებელი ფართების დამტკიცების საკითხები. ასევე არის წყლის და კანალიზაციის პრობლემა, თუმცა,  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხის მოწესრიგებისთვის, კაიროს ქუჩაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეიმუშავა ისტორიული პროგრამა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში ამოქმედდება. ჯანდაცვის და სოლიდარობის ფონდის პროგრამების რეალურად განხორციელების ცოტას თუ სჯეროდა და სწორედ ახალი, ინოვაციური პროგრამებით ვაპირებ სამგორში არსებული პრობლემების რეალურად გადაჭრას” – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქში, მარიამ ჯაშმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა კონკრეტული ქუჩების პრობლემებზე, საბავშვო ბაგა-ბაღების, სკოლების, სპორტული მოედნებისა და  ბიბლიოთეკის მშენებლობებზე, რომლის განხორციელებასაც ჯაში მოსახლეობას არჩევნების შემდეგ ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები