„შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, გაისმა ბრალდებები, „ქართული ოცნების“ მისამართით“
„იმის მიუხედავად, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელნმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან მომხდარს უმძიმესი დანაშაული უწოდა და უსწრაფესი გამოძიების იმედი გამოთქვა. კობახიძემ აქცენტი საარჩევნო გარემოს მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობაზეც გააკეთა.
„იმის მიუხედავად, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაისმა ბრალდებები, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მისამართით, რასაც მკაცრი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. გუშინდელმა აქტმა გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას და არჩევნებამდე დარჩენილი 3 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს.