ნიკოლოზ მჟავანაძე: არეულობის მოსაწყობად სააკაშვილი ციხეების და პოლიციელების გამოყენებას აპირებს

“არჩევნებამდე და მის შემდგომ, სააკაშვილს სახელმწიფო ინსტიტუტების „ნაციონალური მოძრაობის’’ მხარეზე გადასვლის იმედი აქვს. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და შსს აღმოჩნდება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროვოკაციების მოწყობას ძალოვანი უწყებების მეშვეობითაც აპირებს.

,,ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უწყებებში და განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში დასაქმებული პირები მას და „ნაცმოძრაობას“ უჭერენ მხარს და ძველ დროს მისტირიან. ეს განცხადებები მისი მხრიდან შემთხვევით არ გაკეთებულა. არჩევნების წინ და შემდგომ სააკაშვილს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების „ნაცმოძრაობის“ მხარეზე გადასვლის იმედი აქვს. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და შსს აღმოჩნდება. წინა ხელისუფლების დასრულებაში უდიდესი წვლილი ციხის კადრებმა იქონია და სწორედ ციხეებში აპირებს სააკაშვილი პროვოკაციების მოწყობას“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის სცენარის მიხედვით, დაგეგმილია საპატიმროებში პატიმრებზე ძალადობის ინსცენირება, რაც, მისივე თქმით, მიზნად ისახავს ციხეებში ბუნტის მოწყობას სცენარის სისრულეში მოყვანას. როგორც უფლებადამცველი ამბობს, სააკაშვილს მის მიერ დატოვებული კადრების იმედი აქვს.

“წინა რეჟიმი გეგმავს, საპატიმროებში პატიმრების მიმართ გარკვეული ძალადობის ინსცენირება მოაწყოს, რასაც გადაიღებენ და არჩევნების წინ მედიით გაავრცელებენ. ამას უნდა მოჰყვეს პატიმრების მასობრივი პროტესტი, არეულობა და ციხეებში ბუნტი. აღნიშნულის განხორციელებაში სააკაშვილს ძველი კადრების იმედი აქვს“, – აცხადებს მჟავანაძე.
უფლებადამცველმა ყურადღება ე.წ. ჩანერგილ თანამშრომლებზეც გააკეთა, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოავლინა, თუმცა მჟავანაძე თვლის, რომ საფრთხე მთლიანად  ლიკვიდირებული არ არის.
“შსს-ში „ნაცრეჟიმის“ არაერთი ჩანერგილი თანამშრომლის გამოვლენა მოახერხა ახალმა ხელმძღვანელობამ, მაგრამ შსს კვლავაც დიდი დარტყმის ქვეშ იქნება. ვანო მერაბიშვილის სახელი ჯერაც ბევრი პოლიციელისთვის დიდ პრემიებთან და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება, ამიტომ სააკაშვილი სწორედ მათ გამოყენებას გეგმავს. არჩევნების შემდგომ პოლიციის იმ ნაწილებმა, რომელთა იმედიც აქვს სააკაშვილის, ქუჩაში გამოსული ხალხისკენ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა გაისროლონ, რასაც მსხვერპლი და უმართავი პროცესები მოჰყვება. პროვოკაციები რეალობად რომ არ იქცეს, მოვუწოდებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს და შსს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, მიიღონ ყველა მათ ხელთ არსებული ზომები, რათა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სისხლისღვრა თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები