“ანაკლიის პორტის ინვესტორი ააშენებს და სახელმწიფოს გადასცემს ამბულატორიას, საბავშვო ბაღს, ბიზნესცენტრს და სპორტულ მოედნებს”

„ანაკლიის პორტის ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში განაცხადა.
​მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლიაში, მთავრობასა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ.
​კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი კომპანია საკუთარი სახსრებით შექმნის და განავითარებს „ტრენინგ ცენტრს“ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებისთვის, რომლებიც შემდგომში პორტში დასაქმდებიან.
”დადგენილია იმ ტრენინგების ნუსხა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება უფასო. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი შეღავათი და სტიმული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით, დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს – ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები.
”ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელ ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – ეს იქნება პროექტი, რომელიც არსებითად სხვა შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს ქვეყანას. ასეთი პროექტების განხორციელების ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ანაკლიის პროექტი არის ინვესტიცია, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას და რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელოვნად გაზრდას. მე მჯერა, რომ ამ პროექტით ჩვენ პრინციპულად შევცვლით რეალობას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები