“ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე”

„ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი პორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში განაცხადა.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანაკლიაში, მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ.
”ნავსადგურის ძალიან დიდი უპირატესობები – სტრატეგიული მდებარეობა, მაღალი გამტარუნარიანობა, ლოგისტიკური სერვისების განვითარების შესაძლებლობა, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივა და სხვა მიმართულებები შექმნის რეალურ საფუძველს, რათა საქართველომ შეასრულოს თავისი ისტორიული მისია ახალი აბრეშუმის გზის დერეფანში. ამავე დროს, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეძლევა სრული შესაძლებლობები იმისათვის, რომ იქცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ცენტრად რეგიონში. ანაკლიის პორტი მთლიანად ეწერება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის – სივრცითი მოწყობის პროექტისა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ეს საქართველოს მომავლის პროექტია და დიდი ბედნიერებაა, რომ საფუძველი ეყრება ამ მასშტაბის სასიკეთო ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკაში.
”როგორც იცით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, ჩვენ გამოვავლინეთ გამარჯვებული კომპანია – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობით, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში”, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა შესაძლოა 100 მილიონ ტონამდე ავიდეს წელიწადში.
”პროექტის განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ეტაპობრივად დაიწყებს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. პროექტის პირველივე ფაზაში იგი 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მინდა აღვნიშნო, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტი, თავისი მოცულობით, ახალ სტანდარტს ქმნის ამ ტიპის ხელშეკრულებების შედგენის თვალსაზრისით. ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო წამყვანი იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური კონსულტანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. იგი დეტალურად არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, პორტის მშენებლობასთან და ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაწერილია ყველა პუნქტი პროექტის უმაღლეს დონეზე განსახორციელებლად – გენერალური გეგმიდან დაწყებული, დამთავრებული დაზღვევითა თუ მარეგულირებელი სამართლით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები