რამდენს ხარჯავს უკანონოდ შალვა ნათელაშვილი საბიუჯეტო თანხებს – ძაგანია ფაქტებს ასაჯაროებს

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ ბრიფინგი გამართა თემაზე: რამდენს ხარჯავს უკანონოდ შალვა ნათელაშვილი საბიუჯეტო სახსრებს. პარტიის თავმჯდომარემ იქ დამსწრე ჟურნალისტებს აღნიშნული დანახარჯების დოკუმენტაციაც წარუდგინა , კონკრეტული ერთი წლის მონაცემების მაგალითზე.
„სულ რამდენიმე დღეში ჩატარდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ჩვენ, „მემარცხენე ალიანსი“, თავს ვალდებულად ვთვლით, მოვახსენოთ ამომრჩეველს იმ პირების შესახებ, რომლებიც თაღლითურად ცდილობენ, შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ ეს ნდობა, მათი მიცემული ხმები გამოიყენონ პირადი გამდიდრებისათვის. ერთ-ერთი ასეთი არის ცნობილი პოლიტიკოსი, ცნობილი გამყიდველი და ხალხის ნდობით მოვაჭრე, პირადი გამდიდრებისთვის მებრძოლი პიროვნება – შალვა ნათელაშვილი. მე დაგისახელებთ რამდენიმე მაგალითს მისი ფინანსური ცხოვრებიდან, რომელიც მას აქვს გადმორიცხული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი და თუ რაში იხარჯებოდა ეს უზარმაზარი თანხები.
შალვა ნათელაშვილი, რომელიც სხვებს მოუწოდებს, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ მილიონერები, პირველი მან უნდა დატოვოს პოლიტიკოსობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ამის გამკეთებელი არ არის, რადგანაც ის პოლიტიკაში შოულობს დიდძალ თანხებს. ამიტომ მოსახლეობას, ასევე მის 1-2 პროცენტ ამომრჩეველს, რომელიც მას შერჩენია, მოვუწოდებ, გააკეთოს სწორი არჩევანი, მხარი დაუჭირონ იმ რეალურ მემარცხენე პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებობს და ეს არის „მემარცხენე ალიანსი“. მხარს ნუ დაუჭერენ თაღლითებს, ნათელაშვილის მსგავსებს, ვინაიდან მასზე მიცემული ხმები სააკაშვილზე მიცემული ხმებია. ეს ასეა იმიტომ, რომ მან თუნდაც ამ რამდენიმე ხნის წინ, 100 000 გადაურიცხა სააკაშვილის ქონებას – “რუსთავი 2”-ს. რამდენი გაჭირვებული ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ 100 000 ლარით, რამდენი სტუდენტის დახსნა შეიძლებოდა უნივერსიტეტში გადაუხდელობის გამო, მაგრამ ნათელაშვილმა, სააკაშვილის დავალებით, ეს 100 000 ლარი ჩაურიცხა რუსთავი 2-ს“, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ.
კახა ძაგანიამ ბრიფინგზე წარმოადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ნათელაშვილს მიღებული აქვს 5 მილიონ ლარამდე, ამ ბოლო წლების განმავლობაში, საიდანაც 4 მილიონი მას პირადი სიკეთეებისთვის აქვს დახარჯული.
„წარმოდგენილ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ნათელაშვილი, მხოლოდ ერთ წელს თუ ავიღებთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელფასებში ხარჯავდა 225 000 ლარს, საწვავში – 34 000 ლარს, რაც პირადად მის ხელფასს და საწვავს წარმოადგენს, სამივლინებო ხარჯებში დახარჯულია 78 055 ლარი, საკანცელარიო საქონელი და სხვა მომსახურება – 28 000 ლარი, მსუბუქი ავტომანქანა – 60 000 ლარი, საოფისე ტექნიკა – 44 000 ლარი და ა.შ. პრაქტიკულად ნათელაშვილზე მიცემული ხმები ნიშნავს მის ფინანსური კეთილდღეობაზე მიცემულ ხმებს“, – აღნიშნა კახა ძაგანიამ.
პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, ამომრჩეველს, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება და რეალური მემარცხენე, ხალხის გვერდში მდგომი პარტია – „მემარცხენე ალიანსი“ აირჩიონ, რომლის ნომერია 25. კახა ძაგანიამ ასევე მოუწოდა ყოფილ თანაგუნდელებს, „ლეიბორისტულ პარტიაში“ მყოფ პირებს, რომ დატოვონ გამყიდველი ნათელაშვილი და შემოუერთდნენ „მემარცხენე ალიანსს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები