ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძეზე: ამხელა ადამიანი დგას და სამი წლის ბავშვივით იტყუება და იბლანდება საკუთარ ტყუილებში
ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების შემდეგ პაატა ბურჭულაძის ქვეყნიდან წასვლას ვარაუდობს. ყოფილ თანაგუნდელს ზურაბ ჯაფარიძე მატყუარას უწოდებს და მის ფინანსურ დაინტერესებაზე საუბრობს. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძე არჩევნების შემდეგ სოლიდური თანხით დატოვებს ქვეყანას.
”ამხელა ადამიანი დგას და სამი წლის ბავშვივით იტყუება და იბლანდება საკუთარ ტყუილებში. მას უნდა სცოდნოდა, ეს თანხა ანგარიშზე რომც მქონოდა, ჩემთან და ”გირჩთან” ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოვიდოდა.
მეტიც, ”გირჩის” წევრებს საპარლამენტო სკამისთვის არ გავცვლიდი. ვფიქრობ, ამ ადამიანს ერთადერთი მოტივაცია აქვს – პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს.
ბურჭულაძეს არც ის აინტერესებს, გადალახავს თუ არა მისი ბლოკი ბარიერს, მაღალი ალბათობით, ის არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდანაც კი წავა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.