პრემიერი: სიტყვით და საქმით ნახავთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ განათლების სისტემის მნიშვნელობას

მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგი ჰყავდა – დედა და ბებია.
“ბებია, ბევრი ათწლეულის განმავლობაში, კომაროვის სკოლაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა – უნივერსიტეტის პროფესორი. დედა ცოცხალი აღარ არის, ბებია – 95წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხელ მინახავს ის, საკონტროლო რვეულების გასწორების დროს, ჩამოძინებული, ღამის 02:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ძმას უკვე გვამეცადინებდა ხოლმე. ასე, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომაა, რამხელა თავდადებაა და მინდა, დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე”, – მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, იქცა პირველ პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება . პრემიერის შეფასებით, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ განათლების მნიშვნელობა წამოწეულიყო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. “არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ,ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლას და განათლების სისტემას. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე ამის თქმის არ მეშინია, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს; ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლების ხარისხზე. ჩვენ ოთხი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ განათლებაში ხარისხის აწევას ან ერთად,თეორიული და პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა პრიორიტეტად; ასევე, მიზნად დავისახეთ, პატრიოტული სულისკვეთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება და მარტო ზოგადი განათლების 348 მლნ ლარით გაიზარდა სკოლების დაფინანსება; დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს, ამ მიმართულებით, 572 მილიონი ლარი შეადგინა”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დაფინანსებით, განათლება გახდება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები; 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.
პრემიერის შეფასებით, ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი და მასზე უნდა იყოს ორიენტირებული მთელი სისტემა, სამინისტრო და მთავრობა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ შემოიღო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უფასოდ უზრუნველყოფა, აღადგინა სოფლად ტრანსპორტირება, სადაც ბავშვებსა და პედაგოგებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ; სოფლებში კი, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ დღეს დასწრება 95%-ზე მეტად გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.

“ჩვენ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ და უმთავრესი, რაც მინდა, გითხრათ, აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს; გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, თქვენი აზრის გათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა ჩვენ; არ გვსურს, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც გადავდგამთ მომავალში. ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც, რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში”, – მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის დანერგვა, ექიმის მომსახურების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის აღდგენა, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომი გახდება. მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ინკლუზიური განათლება, რომელიც მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იქნება, რადგან განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც იგეგმება “ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გაგიადვილოთ საქმიანობა, რომ სასწავლო პროცესი გახადოთ უფრო საინტერესო, მიმზიდველი და მოსწავლეებისთვის,სკოლა გახდეს ადგილი, სადაც ეხალისებათ მისვლა, სადაც არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადამიანური საუბარი ექნებათ თავიანთ პედაგოგებთან ყველაფერზე,რაც მათ აწუხებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის, თავისუფალი გაკვეთილების ინსტიტუტის დანერგვა იგეგმება, რათა თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის. ყველა ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ განათლების ხარისხის აწევა, ასევე, მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში; ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი, რომ შემდეგ მას ეხალისებოდეს ამაღლებული კვალიფიკაციის დადასტურება და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მასწავლებლის პროფესია,როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, პრიორიტეტად დარჩება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება. 1600-მდე საჯარო სკოლა უკვე აღდგენილია, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა, ხოლო 10 – გაიხსნა; აშშ-ის მთავრობის თანადგომით, მომავალ წელს იგეგმება 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად; უკვე დასრულებულია 12 ასეთი ლაბორატორია.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა 90-იანი წლების შესახებ, როდესაც პედაგოგიურმა საზოგადოებამ მძიმე დღეები გაიარა და აღნიშნა, რომ ამ დროს, სკოლაში მისი შვილები სწავლობდნენ.
„ძალიან კარგად მახსოვს ირანული ქურებით გამთბარი კლასებიც, უკაცრავად, მაგრამ პედაგოგებიც, რომლებსაც საკვების პრობლემაც კი ჰქონდათ, ელემენტარული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ისეთივე თავგამოდებით და ენერგიულად ასწავლიდნენ ჩვენს მომავალ თაობას და სწორედ ამის ხარჯზე, ჩვენ არ გვქონდა წყვეტა განათლებაში. ამ ადამიანების ენერგიისა და ჯანმრთელობის ხარჯზეა ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომლითაც შეგვიძლია, ნამდვილად ვიამაყოთ. ამ შემთხვევაში, ეს ჩემი უფროსი შვილების თაობაა, რომლითაც ჩვენ, სამართლიანად ვამაყობთ. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, ფეხზე წამოდგომით და მინდა, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე; მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ჩვენგან ნახავთ თავდადებას, დიდ პატივისცემას თქვენი პროფესიის მიმართ; სიტყვით და საქმით ნახავთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ განათლების სისტემის მნიშვნელობას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობისთვის და ეს იქნება სიტყვით, საქმით, დაფინანსებით, ყურადღებით და პატივისცემით”, – მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საქართველოს სხვადასხვა სკოლის 500 პედაგოგი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები