გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საქართველოს საარჩევნო პროცესებში

კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი წინამორბედის განცხადებას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობდა.
“კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა და რაღაცა ემოციების ესკალაცია, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ერთი მხრივ ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას ელის.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი, მაგრამ მე ასევე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში ასევე, არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით, დააფიქსირებენ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125- ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები