დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევში „სოკარის“ მსხვილი საინვესტიციო პროექტი გახსნა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიაში  მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი  და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის და სამომავლოდაც დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. მისი განცხადებით, აღნიშნული მსხვილი საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა „სოკარის“ მიერ ტერმინალში განხორციელებულ ინვესტიციას, რომელმაც 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და რაც ქვეყანას დამატებითი შემოსავალს მოუტანს.
ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. N5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის  მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი  კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვისაა გამიზნული. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ.-ს მიაღწევს.
N6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული – 3000 მ3 და 3 ერთეული – 2000 მ3 . რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.
შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მართვის ინტეგრირებული სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 1400 & OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად -UKAS აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანიზაციის შპს “Moody International”-ის მიერ 2008 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები