გურჯაანში ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა

გურჯაანში ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, USAID- ის წარმომადგენელთან, გოჩა ლობჟანიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გივი გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში შემუშავდა გურჯაანის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა. აღნიშნული გეგმის მიზანი იყო, წარმოედგინა პროექტირების საფუძველი და აქტივობები, ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა სტანდარტების შესაბამისად დაიხურა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა.
ამ დროისთვის, გურჯაანის ნარჩენს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 329 998 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები