რომან კაკულია: გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო თანამეგობრობის ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია

“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ხედვები მსოფლიოს თანამეგობრობის ხედვებთან თანხვედრაშია. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლის შეფასებისას, რომან კაკულიამ იმ აქცენტებსა და მნიშვნელოვან მესიჯებზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, მსოფლიოსთვის მისაღებია.
“მნიშვნელოვანია, რას ელის მსოფლიო საზოგადოება ისეთი ქვეყნის ლიდერისგან, როგორიც საქართველოა. ისინი ორ რამეს ელოდებიან: ერთი – რამდენად მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა ლიდერს, რომელიც გარდაქმნების პერიოდშია თავისი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და მეორე – რამდენად არის საქართველოს მთავრობის მეთაურის ხედვა მათ ხედვასთან თანხვედრაში. განვითარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ლიდერისა და მსოფლიოს ხედვა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩემი აზრით, ეს შედგა. გიორგი კვირიკაშვილი ასამბლეაზე წარსდგა როგორც ქვეყნის ლიდერი, რომელმაც არამარტო იცის რა უნდა, არამედ ის საუბრობს ისეთ ღირებულებებსა და მიზნებზე, რომლებიც მსოფლიოს განვითარების მიზნებთანაა თანხვედრაში.“
რომან კაკულიას განცხადებით, განსხვავებით გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლისგან, რომელიც ქართულ რეალობასთან აბსოლუტურად თანხვედრაშია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ტრიბუნებზე ისეთ საკითხებზე საუბრობდნენ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.
“ჩვენ გვახსოვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლები გაეროს ტრიბუნიდან, როდესაც ნახევარი საქართველო ერთმანეთს გაოცებული უყურებდა. ამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს იმას, რაც ქვეყნისთვისაც და მსოფლიოსთვისაც გასაგებია. ყველა ის სიტყვა, რაც ასამბლეაზე ითქვა, იმ სამოქმედო გეგმაშია თავმოყრილი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა, პრინციპში, მთელ მსოფლიოს დაანახა. ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ითქვა ზუსტად იმ კონტექსტში, როგორც არის, ზუსტად გაესვა ხაზი რუსეთთან ურთიერთობის ნიუანსებს. ახლა არჩევნები მოდის და მთელი მსოფლიო გვაკვირდება. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ზუსტად დაახასიათა ის ნიუანსები, რომლის გამოც ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება. პრემიერმა, ფაქტობრივად, გარანტია მისცა მთელ მსოფლიოს, რომ არჩევნები იმ სტანდარტებით ჩაივლის, რომელიც მათთვის არის მისაღები”,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები