საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია

საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრნენ.
საქართველოს ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე უკრაინული დელეგაციის დასახვედრად ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ უკრაინელი სტუმრები საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ბრიგადის გენერალმა უკრაინულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული გვარდიის ისტორია გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამშვიდობო მისიებში საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეულის მონაწილეობაზე, უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
საქართველოს ეროვნული გვარდიის შემდეგ უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარების საკითხზე ისაუბრეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია თელავში მე-20 კადრირებულ ბრიგადას, ახალციხეში ჯავშანსატანკო ცენტრს, საჩხერეში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას და კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები