საკრებულოს დეპუტატებმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს

თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ლერი ქვარაიამ საკრებულოს წევრებს ხუთი საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების, ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანას.
კომისიის წევრებმა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზეც იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. კერძოდ, საკრებულოს წევრებმა თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისთვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და ამავე სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების შესახებ დადგენილებებში ცვლილების შეტანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებში თბომომარაგების ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ ევროკავშირის პროექტის „INNOVER EAST” კოორდინატრის, „ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის“ ცენტრის დირექტორის ნელი ვერულავას წერილი გააცნო. წერილის ავტორის ინფორმაციით, საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობის ცალკეული თბოგენერატორიდან კვამლსავალის მოწყობა შიდა კედლის გავლით, ასევე საკვამლე არხების განთავსება ნაგებობების საცხოვრებელი ბინების გავლით მიზანშეწონილი არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები საკითხის დეტალურად შესწავლის ინიციატივით გამოვიდნენ და ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. სხდომა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები