ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების არჩევა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

დავით უსუფაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ზაზა რუხაძის კანდიდატურის წარდგენას ეკა ბესელია აფასებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კანდიდატს კვალიფიკაციას არ უწუნებს, თუმცა აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანდიდატით წარსდგება.
“მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ზაზა რუხაძეს და ვიცი მისი მაღალი კვალიფიკაცია, ვფიქრობ, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის თავისი კანდიდატი ეყოლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელია ვერ აკონკრეტებს შეძლებს თუ არა პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმიდან გამომდინარე მოსამართლეების დანიშვნას 8 ოქტომბრამდე, რადგან თვლის, რომ პროცესი ქართული სამართლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და მისი ნაჩქარევ რეჟიმში გადაწყვეტა დაუშვებლად მიაჩნია.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრების არჩევა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვისურვებდი, 30 სექტემბერს, როცა 4 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად იყოს დაკომპლექტებული, ვეჭვობ, რომ შესაძლებელი იყოს იმ წევრის არჩევა, რომელიც პარლამენტის კვოტაა და 76 ხმა სჭირდება. რასაკვირველია, კარგად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვინდა, რომ სრულფასოვნად და მაღალი ლეგიტიმაციით იყოს სასამართლო დაკომპლექტებული, ამიტომ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. ჩვენ გვექნება სამუშაო პროცესი, როდესაც დავასახელებთ კანდიდატს, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან, თუმცა ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, ეს მოხდება თუ არა სექტემბერში, ვინაიდან, გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდიდან, მაღალი კვორუმის მობილიზება პარლამენტში რთული იქნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო მოსამართლის პოსტზე ზაზა რუხაძის კანდიდატურა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები