ივანიშვილი ჭიაბერაშვილს და რულოვსს სკანდალურ განცხადებებს ახსენებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, ავტოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა, რომელიც ერთ პიროვნებაზე იქნებოდა მორგებული.
როგორც ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, იდეოლოგია, რითაც ხელისუფლებაში ამ პარტიის წევრები მოვიდნენ, ძალადობრივი იყო.
„ძალადობით მართავდნენ ქვეყანას, არც მალავენ. ნახეთ და გაიხსენეთ ერთ-ერთი მათი ლიდერის, ჭიაბერაშვილის მაშინდელი ნათქვამი, თურმე ფილოსოფოსი ყოფილა ჭიაბერაშვილი, რეალურად ამ იდეოლოგიით ცხოვრობდნენ. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია სჯობს და ამიტომ სჯობია, ერთმა კაცმა და ერთმა გარკვეულმა გუნდმა სტაბილურად მართოს ქვეყანა და ეს უნდა დასავლეთსაცო.
ამას დავუმატოთ სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამი, რომ თურმე ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი. დღეს ამბობენ, რომ იმას აღარ იკადრებს, რასაც კადრულობდა. რად არ იკადრებს? გაუპატიურებები აღარ იქნება? მკვლელობები აღარ იქნება? წამება აღარ იქნება? რის გარანტიას გვაძლევენ?! ის იდეოლოგია, რითაც ისინი მოვიდნენ, იყო ძალადობრივი. ავტოკრატიული სახელმწიფო უნდა აეშენებინათ, ერთ პიროვნებაზე მორგებული და ამით ააშენებდნენ დემოკრატიას და გააძლიერებდნენ ეკონომიკას?! რაც მივიღეთ, ნახეთ – ელიტარული კორუფცია იყო და ინაწილებდნენ მთელ ბიზნესს. მონოპოლიზებული ჰქონდათ მედია, აწამებდნენ ციხეებში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები