ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: შეგნებულად მიდიოდნენ ხალხის დაშინებაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად აშინებდნენ მოქალაქეებს და ამისთვის ხშირად უდანაშაულო ადამიანების დაკავებასაც არ ერიდებოდნენ.
როგორც ექსპრემიერმა, გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობის ტირაჟირებას ახდენდა,რომ საზოგადოებაში შიში დაეთესა.
“ძალადობა “ნაციონალების“ ხელწერა კი არა, მათი კოზირი იყო, ხალხს აშინებდნენ: თუ ასე არ მოიქცევი, შეხვალ ციხეში და იმ ციხეში სიკვდილი გელოდებაო. ის კადრები “ქართული საზოგადოებისთვის“ გამაოგნებელი არ იყო, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის. ესენი ამ ყველაფერს რეკლამას უკეთებდნენ, უდანაშაულო ადამიანებს ხშირად იჭერდნენ, რათა მეზობელს დაენახა, რომ “შენც თუ არ გაჩუმდები და გაჩერდები, შენც ეს მოგელის“. ციხეებში რაც ხდებოდა, ამასაც თვითონ ავრცელებდნენ, რომ – ციხე ვერ იქნებოდა კომფორტული ვერავისთვის – თუ მოხვდებოდი იქ, სიკვდილთან ახლოს იყავი.
მე მახსოვს სვანეთში ვიყავით არჩევნების პროცესში და იქ ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ცოტა უხეშად მიმართა სვანებს და მე დავიცავი. ყველა სახლთან თითქმის სამი მანქანა იდგა, გამოხვიდოდი და დაგიჭერდნენ, ტყიდან შეშას ვერ გამოიტანდი, შეგნებულად მიდიოდნენ ხალხის დაშინებაზე. აბა ნახეთ დღევანდელობა, დღესაც ნახეთ თუ არ არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ისევ ძალადობრივი, რითიც შეუძლიათ, იმით ძალადობენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.