მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. მისივე განმარტებით, დღეს LIBE-ს კომიტეტი საქართველოს საკითხს განიხილავს.
„LIBE-ს კომიტეტში ჩვენი საკითხის განხილვა ჯერ კიდევ ივლისში გაიმართა, სადაც ძალიან პოზიტიური შეფასება იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა გატარებული რეფორმის მიმართ. ასევე, იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც საქართველოსთან მიმართებაში რეპორტი მომზადდა. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამიტომ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული ან ბიზნესმიზნებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.
„ახლა მიმდინარეობს პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები