ოთარ დანელიამ მინისტრის რანგში ბოლო შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

საქართველოს მთავრობის პროექტის ” საქართველოს მთავრობა – ღია მმართველობისთვის” ფარგლებში, სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე დარგში მიღწეული პოზიტიური შედეგები, სახელმწიფოს შემუშავებულმა სწორმა პოლიტიკამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების აქტიურმა მხარდაჭერამ და კერძო სექტორის ჩართულობამ განაპირობა.
დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია და მის საფუძველზე, სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული ყველა პროექტი თუ სახელმწიფო პროგრამა, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას, ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალ, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
„სოფლის მეურნეობამ ქართული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გაიზარდა ადგილობრივი წარმოება და ქართული პროდუქციის ექსპორტი, მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიამ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები