პრემიერი: ჩვენ ისე უნდა ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაპირებთ სიარულს; ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს, -ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, დასრულდეს სიძულვილი და საფუძველი ჩაეყაროს ნორმალურ ურთიერთობებს.
„ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა შევქმნათ, ისე გავაფერადოთ და ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ, რადგან არც ერთი გზა და ესტაკადა არ ღირს არც ერთი დაჩაგრული ადამიანის შვილის ცრემლად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და უზენაესი, რის გარშემოც ვერთიანდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე და კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ქვეყანაში განვითარების პროცესი.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ოთხი წლის თავზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, თვისობრივად ახალ საქართველოს მივიღებთ.
„ჩვენთვის მთავარია, დავასრულოთ სიძულვილი და საფუძველი ჩავუყაროთ ნორმალურ ურთიერთობებს, ნორმალურ პოლიტიკას. თუნდაც, ავიღოთ მეზობლებთან მიმართებაში – დიახ, ჩვენ გვაქვს უმწვავესი პრობლემები, ოკუპაციის პრობლემა, ათასობით ადამიანი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, ჩვენს ემოციებს გადავაყოლოთ მათი მომავალი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი მომავალში, თავიდან ავიცილოთ რისკები. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური, მშვიდი მომავლის პერსპექტივა, რათა ადამიანები, დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმის დროს არ უყურებდნენ წინა საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუს, თუ როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ ფიქრობდნენ იმაზე, რა გააკეთონ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ და ასეთი საქართველო გვინდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს ქვეყანა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ არ ჩაგრავენ, სადაც უკეთესი ქვეყანა შენდება ისე, რომ მოქალაქეების ღირსება არ ილახება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. მისი შეფასებით, დღეს უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება ეთმობა მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას საგაზაფხულო ხვნა-თესვაში, არსებობს გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენების სპეციალური პროგრამა – „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების წახალისების პროგრამა.
„კოოპერატივი ძვირფასია ჩვენთვის, რადგან კოოპერაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ საკუთრებას და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის ქვეშ ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ კარგავს საკუთრებას თავის მიწასა და ქონებაზე. ამ მიდგომის შედეგად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ორი დღის წინ, მე შევხვდი 150 სრულიად ახალ ფერმერს, რომლებმაც ამ პროგრამების შედეგად შექმნეს ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები. ვიღაცეები იკითხავენ, სად არის ქარხნები, საიდანაც ბოლი ამოდისო. ძალიან მნიშვნელოვანია და არაფრით ნაკლებია მეცხოველეობის ფერმა, ყველის ახალი საწარმო და ა.შ. 150 ასეთი ადამიანი, ზოგიერთი – მსხვილი, ზოგიერთი წვრილი ფერმერი საუბრობდა იმაზე, როგორ დაიწყეს ნულიდან ახალი ცხოვრება, შექმნეს ახალი საწარმო და როგორ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, არამედ ასაქმებენ ათობით და ასობით ადამიანს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმასთან ერთად, დღეიდან ოთხი წლის თავზე თვისობრივად განსხვავებულ ქვეყანას შექმნის.
ლაგოდეხის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა თითოეულ ადამიანს დაუბრუნა ყველაზე მთავარი- ღირსება და თავისუფლება.
„ძალიან მიხარია, რომ ამდენი გულანთებული თანამოაზრე შევიკრიბეთ დღეს. ჩვენ 4 წლის განმავლობაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, მოვახერხეთ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეულ ადამიანს დავუბრუნეთ ღირსება, თავისუფლება. მე მეამაყება ნამდვილად, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი, დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს არ დევნიან. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები არ იდევნებიან, არ აშანტაჟებენ მათ. ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან მოკლე დროში, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა რეპრესიების გარეშე, ტერორის გარეშე, ადამიანების ჩაგვრის გარეშე და ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ისეთი მთავრობები, ხელისუფლებები, რომლებიც შეურაცხყოფას მიაყენებენ თავიანთ მოქალაქეებს, გათელავენ მათ ღირსებას. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა, ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი არის განპირობებული თქვენი სიყვარულით, ჩვენი მოქალაქეების, სამშობლოს სიყვარულით“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„შეიძლება ამ 4 წლის განმავლობაში შეცდომები იყო, ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 4 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მშენებლობას. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, გვყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ლიდერი, რომელიც არის საქმეზე, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ჩვენი ერთსულოვნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, და ეს იქნება გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, არამედ სრულიად საქართველოსი, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წლის 1 ოქტომბერს ყველამ ერთად დავიწყეთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს კახა კალაძესა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანია თქვენი და თქვენი ოჯახების კეთილდღეობა. ჩემთვის, როგორც ამ კუთხის შვილისათვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაგოდეხის და ყვარლის, რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოს კეთილდღეობა, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით განვითარდეს. მე თითქმის ორი კვირაა ინტენსიურად ვხვდები მოსახლეობას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. პირადად ვეცნობი მათ პრობლემებს. მინდა გითხრათ, რომ მათი განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია, იმედიანი განწყობა აქვთ. სწამთ და ჯერათ, რომ „ქართული ოცნება“, მისი მაჟორიტარი დეპუტატი, შეძლებს ყველაფერს, გამოიყენებს მთელ თავის რესურს იმისათვის, რომ ამ კუთხეში და მთლიანად საქართველოში, სწრაფად განვითარდეს ყველა ის მიმართულება, რაც დაწყებულია 4 წლის განმავლობაში და რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად გაგრძელდება. ასევე დაიწყება ახალი, საზოგადოებაზე, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეკონომიკის განვითარება,ამიტომ გარწმუნებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და არ არსებობს ძალა, რომელიც ამაში ჩვენ ხელს შეგვიშლის“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები